9 წერტილი

ცხოვრება თოვლის გუნდასავითაა.


თავდაპირველად ძალიან პატარა ბურთულას ეჭიდები ციცქნა ხელებით და რაც ძალა და ღონე გაქვს წინ აწვები. პატარა ხელები გეყინება და გეთოშება, მაგრამ ყინვას არ ეპუება ბავშვური ჟინით სავსე გონება და წინ და წინ მიაგორებს მას. მაშინ იმას ვერ აანალიზებ, რატომ ან საით მიგაქვს უბრალოდ იმას აკეთებ, რასაც სხვებისგან სწავლობ. თოვლის გუნდა კი ნელ-ნელა იზრდება, ემატება  და ზოგჯერ აკლდება კიდეც რაღაც ნაწილები,  თანდათან შენც უკეთ აანალიზებ მის დანიშნულებას, თითქოს ბუნდოვნად, მაგრამ სადღაც შენი გონების კუნჭულში გიჩნდება დაახლოებითი წარმოდგენები თუ საით მიგაქვს იგი ან დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს მომავალში. მერე ჩნდებიან ადამიანები, რომელბთან ერთადაც მოიაზრებ გუნდის წინ, უფრო შორს წაღებას, ხშირად ეს ადამიანები იცვლიან სახეს, ბევრი ქრება კიდეც, დროთა განმავლობაში მოდიან ახლებიც. იცვლება ადგილები და სიტუაციები, სადაც შენს გუნდას ზოგჯერ მხიარულად, ზოგჯერ კი ტირილით  აწვები და ძალას არ იშურებ რაც შეიძლება წინ წაიღო. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტჯერ გეცვლება აზრი და სულ სხვადასხვა ფორმის  ხდება იგი. მერე თითქოს ნათელი წრმოდგენა გინჩდება იმაზე, თუ როგორი იქნება საბოლოოდ, ზუსტად საზღვრავ სად შეიძლება გაჩერდე. ამ ყველაფრით აღტაცებული  კი ორმაგი ძალით აწვები მას, თან აქეთ- იქით იყურები, შენ გვერდით მოსიარულეთა გუნდებს აკვირდები, გაფაციცებით ათვალიერებ, ვინ სად არის  გაჩერებული, ვინ წინ მიიწევს და ვინ ჩამოგრჩა.

მერე რაღაც პერიოდი იჭედები. შენც, შენი გონებაც, გულიც და შენი გუნდაც, ყველანი ერთ ადგილზე გახევებულები დგახართ და მხოლოდ ერთ წერტილს აშტერდებით.

ქრება ყველა, ქრება ყველაფერი, იღლები, თითქოს გულიც ჩერდება და სუნთქვა გეკვრის.

გუნდა გაურკვევლად, უმიზნოდ დევს. შენ თვალებს ხუჭავ და თავს  მოდუნების უფლებას აძლევ, ისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან. არც სხვების გუნდები და მათი წინსვლა/ წარმატების ამბავი გაინტერესებს მეტად. შენი გუნდა, მოთმინებით იცდის.

 ასეთი მომენტი ცხოვრებაში ზოგს ხშირად, ზოგს იშვიათად აქვს, მაგრამ დროებით,  რადგან შენ და შენს გუნდას გასავლელი გზის ნახევარიც კი არ გამოგივლიათ, წინ კი იმაზე გაცილებით მეტი გელის ვიდრე შენ ფიქრობ.


მე ეხლა სუნთქვას ვიკრავ, თვალებს ვხუჭავ და ვდუნდები. უნდა დავისვენო :)




Comments

Popular Posts